უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არამხოლოდ პარტნიორებისგან იღებს სამხედრო დახმარებას, არამედ ზრდის იარაღის შიდა წარმოებას.
„რუსეთი ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტას დაელოდოს. უკრაინა მხოლოდ გაძლიერდება და რუსული აგრესია ჩაიშლება. ჩვენ არამხოლოდ შემოგვაქვს იარაღი უკრაინაში, არამედ ვზრდით შიდა წარმოებას და წარმოებას პარტნიორებთან ერთად NATO-სა და მის ფარგლებს გარეთ,“ - აცხადებს დმიტრო კულება.
22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგად არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის შეთანხმებას იარაღის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკიმ იარაღისა და თავდაცვის სისტემების უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.