ნობელის პრემია ბიოქიმიკოსსა და ექიმ-მეცნიერს მიენიჭათ აღმოჩენებისთვის, რომლებმაც კოვიდვაქცინის შემუშავება შესაძლებელი გახადა

2 ოქტომბერს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ  უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოს და ამერიკელ ექიმ-მეცნიერ დრიუ ვაისმანს აღმოჩენებისთვის, რომლებმაც COVID-19-ის წინააღმდეგ mRNA-ის ტიპის ეფექტიანი ვაქცინების შემუშავება შესაძლებელი გახადა.


კარიკო პროფესორია სცეგედის უნივერსიტეტში, უნგრეთში, და ასევე მუშაობს პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც ვაისმანთან ერთად ატარებდა კვლევას ვაქცინებზე.

ნობელის პრემიათა წლევანდელი სეზონი მედიცინის დარგში პრემიის გაცემით გაიხსნა.

ნობელის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა სამეცნიერო სამყაროში. მას შვედეთის კაროლინსკას სამედიცინო ინსტიტუტი გასცემს. პრემია ერთ მილიონამდე დოლარის ოდენობის თანხას მოიცავს.