3 ოქტომბერს თბილისში იმართება ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის) საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის. საქართველოს მხრიდან ერთობლივ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია მასპინძლობს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
კონსულტაციების მთავარი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების კოორდინირება და ერთიანი დღის წესრიგის შექმნა საერთო ინტერესის საკითხთა ირგვლივ.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების ფორმატების ჩამოყალიბება წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომელმაც მეტი დატვირთვა შეიძინა მას შემდეგ, რაც მოხდა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭება და, აღნიშნული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, საქართველოს გადანაცვლება გაფართოების პაკეტში.
გარდა მთავარი დღის წესრიგისა, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ მათი ქვეყნების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ გამოცდილებას და უპასუხებენ სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს.
ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის პირველად ქ. თბილისში 2022 წლის 15-16 დეკემბერს გაიმართა.