რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა 3 ოქტომბერს გვიან ყირიმის სანაპიროსთან ჩამოაგდეს უკრაინული გემსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი. კიევს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
იმავდროულად, სევასტოპოლის საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმის გარშემო დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ზოგიერთ ბინაში მინები ჩაიმსხვრა.
უკრაინული მედია წერს, რომ ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ნეპტუნი არის უკრაინის სახმელეთო, შიდა წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ნეპტუნის რაკეტები რუსული S-400 Triumph-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასანადგურებლად, 14 სექტემბერს გამოიყენეს და ასევე, რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი "მოსკვა" გასული წლის აპრილში ჩაძირეს.