შარლ მიშელი: უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლისთვის გახდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა, შეიძლება, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 2030 წლისთვის გახდეს.

ამის შესახებ მიშელმა 3 ოქტომბერს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას.“

„უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.


შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს.

2 ოქტომბერს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ისტორიულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია.