ყაზახეთში, საერთაშორისო ფორუმზე შუა დერეფნის განვითარების გზებზე მსჯელობენ

ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო ფორუმი „ახალი აბრეშუმის გზა დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

გარდა ამისა, განიხილება სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა მულტიმოდალური ტრანსპორტის სფეროში. ფორუმზე განიხილება ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობის გაზრდა და მიწოდების პირობების გაუმჯობესება.


ფორუმის ფარგლებში ცენტრალური აზიის ტრანსპორტის, ლოგისტიკური მომსახურებისა და ტექნოლოგიების ყველაზე დიდი გამოფენა - TransLogistica გაიმართება.

ფორუმის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ წერს.

ცნობილია, რომ ბიზნეს ფორუმზში 23 ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.

TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.


ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში.

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.

ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.