ენტონი ბლინკენი: აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად.

ბლინკენის თქმით, საუბარია 300 მილიარდ აშშ დოლარზე.

„ეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, რა უფლებამოსილებები შეიძლება ჰქონდეთ ევროპელებს იმისთვის, რომ ეს აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ.


მე ვთვლი, თუ რაიმე გატეხე, შენ უნდა გადაიხადო. რუსებმა გატეხეს და მათ უნდა გადაიხადონ ამისთვის, ამის გაკეთების გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს,“ - აღნიშნა ბლინკენმა.