თურქეთი უკრაინის სამშვიდობო გეგმის განსახილველად, სამიტს უმასპინძლებს - Bloomberg

თურქეთი უმასპინძლებს მესამე საერთაშორისო შეკრებას, რომელიც უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვას ისახავს მიზნად. იტყობინება Bloomberg. 

შეხვედრა სავარაუდოდ, ოქტომბერში, სტამბოლში გაიმართება. საუდის არაბეთში, ჯედაში გამართულ წინა სამიტზე, 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის უკრაინა და მისი მოკავშირეები, გლობალური სამხრეთის ქვეყნები და ჩინეთი, რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ. 


Bloomberg-ის ცნობით, კიევს და მის დასავლელ პარტნიორებს სურთ, გამოიყენონ მომავალი შეხვედრა ნეიტრალური ქვეყნების, როგორიცა,ა ბრაზილია და ინდოეთი, სამშვიდობო მოგვარების მცდელობებში ჩართვისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სტამბოლში არ არის მიწვეული. მან წინა შეკრებები არალეგიტიმურად შეაფასა.

თურქეთში შეკრების დღის წესრიგში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა და მომავალი სამშვიდობო სამიტი. პრეზიდენტმა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გასული წლის ნოემბერში წარადგინა. ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან, სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულთა გათავისუფლებას. აგვისტოში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა აპირებს გლობალური სამშვიდობო სამიტის გამართვას მომავალ შემოდგომაზე, რომელიც  სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეეხოს სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას, უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.