ომის გაყინვის შემთხვევაში, რუსეთს 2028 წლისთვის სხვა ქვეყნებში შეჭრის პოტენციალი ექნება - ზელენსკი

უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვის“ შემთხვევაში, რუსეთს 2028 წლისთვის შეეძლება, აღადგინოს უკრაინელების მიერ დეგრადირებული სამხედრო პოტენციალი და ექნება საკმარისი ძალა სხვა ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაჭრელად. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს მომავალი წლებისთვის და ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ მოსკოვი სამხედრო პოტენციალის აღდგენას შეძლებს, მას სხვა ქვეყნებზე იერიშის მიტანა შეეძლება. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა გრანადაში (ესპანეთი) ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე.

„მე ვიქნები გულწრფელი თქვენთან, როგორც ყოველთვის. რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს მომავალი წლებისთვის. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით საშიშია. თუკი უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში გარკვეული პაუზა იქნება - სიტუაციის ნებისმიერი გაყინვა მოხდება. დადგება ახალი კრიტიკული მომენტი. 2028 წელი“, - განაცხადა მან.


ზელენსკის თქმით, „თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, 2028 წლისთვის კრემლი შეძლებს, აღადგინოს სამხედრო პოტენციალი, რომელიც უკრაინამ გაანადგურა და ექნება საკმარისი ძალა, რომ შეუტიოს რუსეთის ექსპანსიის სამიზნე ქვეყნებს.“

„უკრაინის გარდა, ეს ნამდვილად არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, სადაც რუსული კონტინგენტები იმყოფებიან. ეს არის მკაფიო ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან. ჩვენ ამის შესახებ სიგნალს გაძლევთ," - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.


მან აღნიშნა, რომ რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს „სიტუაციის გაყინვისთვის, ადაპტაციისთვის" და „წინსვლისთვის ემზადება."

„გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ყველაზე საშიში მტერი ისაა, ვინც დასკვნები გამოიტანა და ამ დასკვნების საფუძველზე მოემზადა შემდეგი თავდასხმისთვის. მოსკოვი ნათლად ასახავს თავის ამბიციას - დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, არ დაუშვას ევროპა თავისუფალი ერებისა და საქმიანი დემოკრატიების ადგილი იყოს. დაარღვიოს ევროპული ერთიანობა და ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი ამისთვის - ინსტრუმენტი დამონების ან სხვების მანიპულაციისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.