ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მედიას განუცხადა, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და ლიდერების დონეზე განიხილება, მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც. მიშელმა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც,” - განაცხადა მიშელმა IPN-ის ცნობით.
რა გზავნილი ექნება ქართველი ხალხისადმი, მიშელმა ამ შეკითხვასაც უპასუხა.
„ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი,” - განაცხადა მიშელმა.