უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესპანეთში შეხვდა. გერმანია უკრაინას კიდევ ერთ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შოლცის თქმით, ახლა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
„ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო – საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა ამ მაღალეფექტიანი სისტემით,” - განაცხადა შოლცმა ევროკავშირის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პირველი დღის შემდეგ ესპანეთში, გრანადაში.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ზამთარში კვლავ შეეცდება, დაემუქროს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებს სარაკეტო თავდასხმებით და სწორედ ეს აქცევს საჰაერო თავდაცვის სისტემას პრიორიტეტად.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან. გერმანია ზამთრირსთვის დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემის მოწოდებაზე მუშაობს. მადლობელი ვარ გერმანიის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დაცვაში. ეს არის ევროპისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაც,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში.