შარლ მიშელი: გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ

ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. მის დაწყებამდ გაკეთდა კომენტარები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი.

მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გაფართოებისთვის მომზადება.

„ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. ბევრი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი.


უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.