სანდუს თქმით, მოლდოვაში გადატრიალებას „ვაგნერელები“ ამზადებდნენ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 6 ოქტომბერს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავდა.

ის ამტკიცებს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ უშუალოდ მონაწილეობდნენ გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, შეთქმულების მონაწილეებს სურდათ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაზრდილიყო.


სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა და გააგრძელებს ჩარევას მოლდოვის პოლიტიკაში და რომ რუსეთისა და რუსეთთან კავშირში მყოფმა ძალებმა ქვეყანაში დიდი თანხა შეიტანეს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ. მისი თქმით, მოლდოვის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალური რიცხვი აშკარად უფრო მაღალია.

2023 წლის მაისში სანდუმ FT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლდოვა იქნებოდა შემდეგი, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევდა თავის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რაც სამ დღეში უკრაინის აღებას გულისხმობდა. „არ მჯერა, რომ ისინი საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ დაცულები,“ - ამბობდა მაია სანდუ.


ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ესპანეთის ქალაქ გრანადაში განიხილავდნენ მოლდოვის რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. მაია სანდუმ სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში მიღება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


შეგახსენებთ, ინფორმაცია რუსეთის გეგმაზე კიშინიოვში პროდასავლური ხელისუფლების დამხობის შესახებ, პირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წიინ გაავრცელა და განაცხადა, რომ გეგმას მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს. გეგმის არსებობა მაია სანდუმ დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ სანდუს ბრალდებებს სრულიად დაუსაბუთებელი უწოდა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფარდა ახადა.