ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს

ღაზის სექტორიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმა იყო, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა. წერს ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციას ავრცელებს BBC-იც, რომელიც ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს.

შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.


ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის.

გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.