მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა

რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქის თავზე გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მოსკოვის აეროპორტებში კვლავ გადაიდო ან გაუქმდა ათობით რეისი.

„ისტრის საქალაქო ოლქში მოგერიებულია მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა,“ - წერს მოსკოვის მერი სობიანინი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონი უკრაინამ გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.


ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წელს რუსეთის რეგიონები - როგორც სასაზღვრო, ისე არასასაზღვრო - რეგულარულად იბომბება, არის ნგრევა და მსხვერპლი.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.