საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღაზის მიმდებარედ თავდასხმის დროს მყოფი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა.

უწყების თანახმად, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.


„საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გთხოვთ, თავი შეიკავოთ," - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.