ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. ასევე გეგმავს სახმელეთო ოპერაციას.
„ჰამასმა“ მოუწოდა პალესტინელებს და სხვა არაბებს, შეუერთდნენ „აქციას“ „[ისრაელის] ოკუპაციის გასაქრობად.“
BBC სტატიაში წერს, რომ ახლა ყველაზე დიდი შეკითხვაა, გაითვალისწინებენ თუ არა მის მოწოდებას პალესტინელები დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში თუ რეგიონის სხვა ტერიტორიაზე.
„ისრაელი ხედავს იმის პოტენციალს, რომელიც შეიძლება, მრავალი ფრონტი გაიხსნას,“ - წერს BBC.
ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერი, დენიელ ჰაგარი აცხადებს, რომ სამხედროებმა გუშინ, 7 ოქტომბერს დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი, დაატყვევეს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში.ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან,“ – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.
ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა, ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრების ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.
ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფება, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰეზბოლა“ ასევე ჩაერთო ბრძოლაში, რომელმაც განაცხადა, რომ დოვის მთაზე დარტყმების უკან იდგა - ტერიტორიაზე, რომელზეც ისრაელი, ლიბანი და სირია პრეტენზიას აცხადებენ. BBC-ის თანახმად, ამას მოჰყვა ისრაელის საპასუხო გასროლა ლიბანში.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.