რუსტემ უმეროვი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ბრიგადებს ეწვია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა აღმოსავლეთის მიმართულებაზე მებრძოლები მოინახულა. საუბარია ხორტიციის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის შემადგენლობაზე. სამუშაო ვიზიტის დროს მინისტრმა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის მოხსენება მოისმინა.


უმეროვი გაესაუბრა აღმოსავლეთის მიმართულების დამცველებს, კერძოდ: 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის, 92-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის, 80-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის, 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის და მე-5 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებს.


მინისტრმა სამხედროებს ჯილდოები გადასცა და უკრაინის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 13 თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკივკასა და ივანივკას რაიონებში, კუპიანსკის მიმართულებით ხორტიციას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში.