ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: ისრაელი ღაზიდან მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს

ისრაელი მძევლების გასათავისუფლებლად და დასაბრუნებლად „ყველაფერს გააკეთებს“. ამის შესახებ CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დორონ შპილმანმა განუცხადა.

მისი თქმით, მძევლებს შორის, არიან კაცები, ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ღაზაში ჰყავთ.


„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ არ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას [მათი დაბრუნებისთვის]. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ადამიანს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს,“ - განაცხადა შპილმანმა.


მისივე თქმით, ისრაელის ძალები „ცდილობენ „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება ეფექტურად აღმოფხვრას“.

 "ჰამასის" შაბათის თავდასხმას მან ისრაელის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი უწოდა.

„ეს არის ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შექმნის დღიდან,” - აღნიშნა შპილმანმა.


ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.