გაეროს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა „ჰამასი“ ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს“.
”ეს არის ომის დანაშაულები, აშკარა დოკუმენტირებული ომის დანაშაულები”, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის წინ. მისი თქმით, „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დრო დასრულდა და მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს. "ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს, აღიგავოს, რათა ასეთი საშინელებები აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ელჩმა.
მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სრულად დაუჭიროს ისრაელს მხარი და „ჰამასის“ ქმედებები დაგმოს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავინ უნდა თქვას, ან გააკეთოს რამე ისეთი, რაც „ღაზაზე ისრაელის მორიგ თავდასხმას წაახალისებს“. გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა, დაახლოებით, 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.