აშშ ადასტურებს ისრაელში ამერიკელების დაღუპვას

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ორ დღეში 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.


შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.

ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

ისრაელის გამოცემის, Times of Israel-ის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დატყვევებულთა შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.

ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.