ზელენსკის თქმით, უკრაინა და ისრაელი საერთო მტრის - ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან

ომები უკრაინასა და ისრაელში არის ომი ერთი ბოროტების წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ონლაინ ჩართვისას.

„ვერავინ ვერასოდეს დაივიწყებს იმას, რაც ტერორისტებმა გააკეთეს ისრაელში... ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. ხალხს ესროლეს პირდაპირ მანქანებსა და გზებზე... კაცები და ქალები, ბავშვები... არავინ დაინდეს. სისხლით დაფარული ქუჩები. მძევლები...“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, თუკი ის დრონებს მიჰყიდის რუსეთს. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, თუ მისი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება.“

„ისრაელელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში, ბუჩაში იყვნენ,  ამბობენ, რომ მათ ასეთივე ბოროტება ნახეს იქ, სადაც რუსეთი მივიდა. ბოროტება მხოლოდ ერთი განსხვავებით – ისრაელს თავს ესხმის ტერორისტული ორგანიზაცია, უკრაინას კი, ტერორისტული სახელმწიფო. განზრახვები განსხვავებულია, არსი იგივეა," - აღნიშნა ზელენსკიმ.