7 ოქტომბერს ისრაელს ღაზის სექტორის მხრიდან, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა.
700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით დაშავდა, ასამდე კი, მძევლად აიყვანეს.
ისრაელში მომხდარს მოჰყვა სოლიდარობის აქციები მსოფლიოს მასშტაბით.
მაგალითად, ბერლინში ისრაელის დროშის ფერებში განათდა ბრანდენბურგის კარიბჭე.
ისრაელის დროშის ფერებში განათდა, თბილისში, სატელევიზიო ანძაც.
ბულგარეთის პარლამენტის ფასადზე ასევე გამოჩნდ ისრაელის დროშის გამოსახულება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისრაელის ჯარისკაცების მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერეს ებრაული სუბტიტრებით. კიევისა და ხარკოვის ქუჩებში სარეკლამო ბანერებზე ისრაელის დროშების გამოსახულებები გამოჩნდა.
ირანის მცხოვრებლები, რადიკალური ისლამისტების მოწინააღმდეგეები, მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ირანელებს მხარდაჭერისთვის. ისრაელის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა ბრიტანეთის პარლამენტის 300-მა წევრმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბაქოში ხალხმა ისრაელის საელჩოსთან ისრაელის დროშები, ყვავილები, სანთლები და საბავშვო სათამაშოები მიიტანა.
როგორც იტყობინებიან, აქცია სპონტანურად მოეწყო და არ ყოფილა საამისო მოწოდება სოციალურ ქსელებში. მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ისრაელელებს ტერორისტული თავდასხმების ფონზე. რუსეთის დედაქალაქში ხალხს ყვავილები მიაქვს ისრაელის საელჩოსთან.
სანქტ-პეტერბურგშიც ბევრს სურდა ისრაელის საკონსულოსთან ყვავილების მიტანა, მაგრამ ეს მათ პოლიციამ აუკრძალა და განმარტა, რომ ამის თანხმობას არ იძლევა თურქული კომპანია, იმ კომპლექსის მფლობელი, რომელშიც საკონსულოა განთავსებული.
აშშ-ში „ჰამასის“ თავდასხმა დაგმო ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა. მაიამიში ისრაელის ჯარისკაცებისთვის მასობრივი ლოცვა გაიმართა.
ამასობაში, პროპალესტინელმა აქტივისტებმა ნიუ-იორკში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს. იქვე გაიმართა აქცია ისრაელის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში ჯიჰადისტების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ჩხუბი გამართეს.
კანადაში, მონრეალში, პალესტინელთა მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო „ჰამასის“ ქმედებები და მხარი დაუჭირა ისრაელის ხალხს.
ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ქმედებებს მხარი დაუჭირა ბაღდადის მოსახლეობამ. ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობა პალესტინის დროშის ფერებში განათდა „არაბი ძმების მხარდაჭერის ნიშნად“.
პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა თურქეთში, ირანში, იორდანიაში, მაროკოში.
დამასკის ეროვნული ოპერის თეატრზე პალესტინის დროშის ფერებია გამოსახული. ამავე ფერებითაა განათებული „აზადის“ კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო ქალაქის დასავლეთ ნაწილში, და ლიბიის დედაქალაქის კოშკები.
9 ოქტომბერს პარიზში ისრაელთან სოლიდარობის მსვლელობაა დაგეგმილი. ის დაიწყება ვიქტორ ჰიუგოს მოედანზე და დასრულდება ეიფელის კოშკთან. კოშკი ისრაელის დროშის ფერებში განათდება.
რადიო თავისუფლების ცნობით, 10 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთში, ლიონში, ისრაელისა და მისი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართება აქცია ტერორიზმის წინააღმდეგ.