NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა სამი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეც არის საუბარი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა.

487-ერეზოლუციაში „ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულება“ ნათქვამია, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.


„რეზოლუცია მიუთითებს NATO-ს წევრებს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისადმი სრულად გამოიყენონ NATO-ს მხარდამჭერის ინსტრუმენტები, რომ გააძლიერონ მათი მედეგობა, გაზარდონ უსაფრთხოება და გაგრძელდეს რეფორმები და განაგრძონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საჭირო რეფორმებზე შემდგომი პროგრესის მოწოდებით,“ – აღნიშნულია რეზოლუციაში.


გარდა ამისა, 484-ე რეზოლუცია მოუწოდებს NATO-ს წევრ მთავრობებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გააგრძელონ ასპირანტ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება.


„იმუშაოს მათთან ინტეგრაციისა და მედეგობის მშენებლობისთვის, განავითაროს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის და, NATO-ს მადრიდის 2022 წლის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საჭიროებებზე მორგებული პაკეტის მხარდაჭერით,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.


485-ე რეზოლუცია - „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ,“ ძლიერად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი.


„ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს შავი ზღვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განვითარებას.

ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შავი ზღვის რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. 

მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობას, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს NATO-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან (ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო) და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილით.


საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას NATO-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის, საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.