„ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, მათი ადგილი ჩვენთანაა,“ - ხსენებული განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ კოპენჰაგენში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე ყოველწლიურ სესიაზე გააკეთა.
„აქ ევროპაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ჰყავს რუსული ჯარები თავიანთ მიწაზე მათი თანხმობის გარეშე, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში ისინი განიცდიან ინტენსიურ დეზინფორმაციულ კამპანიებს, არჩევნებში ჩარევას და კიბერშეტევებს. ჰიბრიდული ომის ყველა ინსტრუმენტი ასევე გამოიყენება NATO-ს მოკავშირეებისა და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას კოსოვოს თემებისთვის. და როგორც რუმინელმა ამჯერად, როგორც აღვნიშნე, უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისთვის და საქართველოსთვის, ვიცი, რომ მათი ადგილი ჩვენთანაა. დასავლეთ ბალკანეთი ასევე უნდა იყოს ჩვენთან ერთად, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. ვიცი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ეს არის გამოსავალი იმისა, რომ ყველა ჩვენგანი, ყველა ჩვენი დემოკრატია ერთად ვიყოთ.“
მირჩა ჯოანას განცხადებით, საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია და ეს ქვეყანა წლების განმავლობაში, რეფორმების ჩემპიონი იყო არამხოლოდ კავკასიაში ან შავი ზღვის რეგიონში, არამედ, ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში.
„თქვენი გადასაწყვეტია: რა გზით და როგორ გსურთ დაეყრდნოთ თანამშრომლობის (NATO-სთან) ამ ხანგრძლივ ისტორიას,“ - აღნიშნა ჯოანამ.