ფინეთი უკრაინას, მოლდოვას და რუსეთის აგრესიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 92 მილიონ ევროს გამოუყოფს.
შესაბამისი ინფორმაცია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
ფინეთი თანხის 12 მლნ ევროს გრანტის სახით, ხოლო 50 მლნ ევროს სესხის სახით გამოყოფს. გარდა ამისა, ფინეთი 30 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებს, რათა სხვა ძალისხმევასთან ერთად, დაეხმაროს მათ ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებაში.
უკრაინაში პროგრამა ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საბინაო და სოციალური დაცვის სექტორებში საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ეს ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების მოდერნიზებას, ხელს შეუწყობს ენერგიის მწვავე დეფიციტის მოგვარებისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობას, სასიცოცხლო მნიშვნელობის საგზაო და სარკინიგზო ქსელების და საცხოვრებელი კორპუსების შეკეთებას და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას.
ის ასევე დააჩქარებს გრძელვადიან ძალისხმევას უკრაინის აღდგენისა და კრიტიკული სექტორების რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალების, გოგოებისა და შშმ პირების უფლებებს.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ (IDA) ამ წლის დასაწყისში, ახალი დაფინანსების პროგრამა - Crisis Facility წამოიწყო. მისი მიზანი მხარდაჭერის გაზრდაა უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით დაზარალდნენ.