რას წერს ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნაში

საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციიის კომისიის დასკვნა ცნობილია. დოკუმენტში განხილულია რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.


ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ აუცილებელია, შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ.


კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი.

ამასთან, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია.


მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს.

ვენეციის კომისია მზადაა, საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, ამ საკითხში დახმარების მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს.

როგორც ცნობილია, 2023 წლის მარტის დასკვნაში კომისიამ შესასრულებლად 5 ძირითადი რეკომენდაცია გამოყო.