აშშ ისრაელს საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას დამატებით გაუგზავნის და მხარდაჭერას ზრდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ ვზრდით ისრაელის მხარდაჭერას... ჩვენ ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან ისრაელში, რათა განვსაზღვროთ და შემდეგ მხარი დავუჭიროთ მათ ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს.
მან არ დააკონკრეტა, თუ რა სჭირდება ისრაელს, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კონტაქტზეა ისრაელთან, რათა ისრაელის საჭიროებები დააკმაყოფილოს.
ოფიციალურმა პირმა ასევე უარყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ აშშ შესაძლოა, ვერ დაეხმაროს ისრაელს იმ ფონზე, როდესაც ის უკრაინას იარაღს აწვდის.
„ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მიმართ და შევინარჩუნოთ ჩვენი გლობალური მზადყოფნა,“ – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელში დაღუპულთა შორის 11 ამერიკელი მოქალაქეა და რომ „ჰამასის“ მძევლებს შორის, სავარაუდოდ, აშშ-ის მოქალაქეები არიან.
ოფიციალური წყაროს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ღრმად შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ კონფლიქტში შესვლით და ომში მეორე ფრონტის გახსნით.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ირანი იდგა ისრაელში თავდასხმის უკან. მანამდე „ვოლ სთრით ჯორნალის“ მიერ მოპოვებულ მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ ირანის უსაფრთხოების წარმომადგენლები დაეხმარნენ „ჰამასს“ თავდასხმის დაგეგმვაში.
„რა თქმა უნდა, ირანი არის სურათზე. ირანი წლების განმავლობაში უჭერდა მხარს „ჰამასსა“ და „ჰეზბოლას“. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს „ვოლ სთრით ჯორნალის“ ისტორიის სპეციფიკას ამ დროისთვის,“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.