პრემიერი: აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად იწყებს პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, „რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას.“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას, ბიზნესს, საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიაკზე დაყრდნობით შემუშავებული წინაადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს.

ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში, ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან, თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას.


აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, ზოგადად, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა, ორივემ ერთად.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე,” - განაცხადა პრემიერმა.