ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება.

ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ჯაფაროვსა და ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.


„საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ მუდმივი კონტაქტები და გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები მეგობრობის სულისკვეთებით, ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.