ნიინისტო: ფინეთ-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა სავარაუდოდ, „გარე ქმედების“ შედეგია

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სამშაბათს განაცხადა, რომ გაჟონვა, რომელსაც ამ შაბათ-კვირას ესტონეთიდან ფინეთისკენ გამავალი ბუნებრივი აირის მილსადენის დახურვა მოჰყვა, სავარაუდოდ, გარე აქტივობით იყო გამოწვეული.

ფინეთი-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა კვირას დაფიქსირდა.


„სავარაუდოდ, როგორც გაზსადენის, ასევე სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანება გარე აქტივობის შედეგია,“ - განაცხადა ნიინისტომ.

მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ორივე ქვეყანა თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების პროცესში.


ნიინისტომ განმარტა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუკავშირდა და NATO მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას.

ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა კვირას, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა.