ისრაელის „რკინის გუმბათი“ - როგორ მუშაობს ისრაელის თავდაცვის სისტემა

იმ დროს, როდესაც ისრაელის წინააღმდეგ ათასობით რაკეტა გაუშვეს, ქვეყანა თავისი მოქალაქეების დასაცავად, კვლავ „რკინის გუმბათის“ სისტემას ეყრდნობოდა.

ამის შესახებ ისრაელის საჰარეო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ. „რკინის გუმბათი“ ისრაელს რაკეტებისა და ჭურვებისგან იცავს.


ანალიტიკოსების თქმით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ისრაელის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა კონფლიქტის დროს, უამრავი სამოქალაქო პირის სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თავდაცვითი ფარის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ისრაელის პოლიტიკოსებს უძლეველობის განცდას უჩენს და ისინი მშვიდობის მიღწევას კი არა, კონფლიქტის მენეჯმენტს ცდილობენ.


ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მაისში, სისტემის 95,6%-იანი წარმატების მაჩვენებლით ამაყობდნენ, როდესაც ტეროროსტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მიერ რაკეტების გასროლის დროს, ეს სისტემა უაღრესად ეფექტიანად მუშაობდა. 


რკინის გუმბათი შექმნილია შემომავალი ჭურვების ჩამოგდებაზე. აღჭურვილია რადარით, რომელიც ამოიცნობს რაკეტებს და შემდეგ იყენებს ბრძანება-კონტროლის სისტემას, რომელიც სწრაფად ადგენს, წარმოადგენს თუ არა შემომავალი ჭურვი საფრთხეს ან სავარაუდოდ, მოხვდება თუ არა ის დაუსახლებელ ზონაში. თუ რაკეტა ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს დასახლებული პუნქტისთვის, „რკინის გუმბათი“ მის გასანადგურებლად მიწიდან ჰაერში უშვებს ანტირაკეტებს.


როგორ მუშაობს ისრაელის „რკინის გუმბათის“ თავდაცვის სისტემა

მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა შედგება 10 ბატარეისგან, რომელთაგან თითოეული სამიდან ოთხ მანევრირებადი რაკეტის გამშვებს ატარებს. მათი სტრატეგიული განლაგება უზრუნველყოფს თავდაცვით ბარიერს რაკეტების, ნაღმტყორცნებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ - 60 კვადრატულ მილამდე დასახლებულ ტერიტორიებზე.

„რკინის გუმბათი“ არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც ისრაელი 70 კილომეტრის მანძილიდან გასროლილი რაკეტების გასაუვნებელყოფად იყენებს. სისტემა მოიცავს რაკეტების ამოცნობის, მათი ტრაექტორიის გამოთვლის და ჰაერში განადგურების მექანიზმებს. ის ყველანაირ ამინდში მუშაობს.

საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტეს. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4000 რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


„რკინის გუმბათი“ 2007 წელს, ისრაელის კომპანია „რაფაელს“ დაუკვეთეს. ოთხ წელიწადში უკვე სამხედრო მზადყოფნაში იყო, რაც შეიარაღების სისტემისთვის ძალიან მცირე დროა. მას შემდეგ სისტემა რამდენჯერმე განახლდა.

თავდაცვითი სისტემის შექმნა ნაწილობრივ ამერიკამაც დააფინანსა.

ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. შესაბამისად, „რკინის გუმბათს“ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუწია გამკლავება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მასირებული ზეწოლის პირობებში გარღვევა შესაძლებელია.


ომის დროს, რკინის გუმბათის მუშაობის ფასი შეიძლება, სწრაფად გაიზარდოს. თითოეული რაკეტა დაახლოებით, $40,000 ღირს, ასე რომ, ათასობით შემომავალი რაკეტის დაჭერა უფრო ძვირდება. აშშ-ის მთავრობამ $1,5 მილიარდზე მეტი დახარჯა Iron Dome-ის პროგრამასა და მასთან დაკავშირებულ კვლევებზე. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შაბათის თავდასხმის შემდეგ, ისრაელი, სხვა სამხედრო დახმარების გარდა, სავარაუდოდ, მოითხოვს დამატებით „ჩამჭრელებს“ ვაშინგტონისგან.