უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ „ჰამასის“ შეტევას ისრაელზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია, ვნახოთ - მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია, ხდება.
ვფიქრობ, აქ შეიძლება, ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ, იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ, ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას,” - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელში „ჰამასის“ ტაქტიკა ისეთივეა, როგორც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.
ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა.