NYT განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა

გამოცემა New York Times-ი განიხილავს, როგორ ვერ შეაჩერეს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებმა „ჰამასის“ თავდასხმა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოთა შორისა, მაგრამ შაბათს დაზვერვის წარუმატებლობამ გამოიწვია ისრაელის თავდაცვის ყველაზე უარესი გარღვევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. New York Times-ი, ისრაელის მთავრობის რამდენიმე ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის ანალიტიკოსებმა დაასახელეს ოთხი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა არმიასა და სპეცსამსახურებს, თავიდან აეცილებინათ ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასის" ბოევიკების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. 

  • ეს დასკვნები წინასწარია.

ამერიკული გამოცემის წყაროების მიხედვით, ისრაელის თავდასხმის მოუმზადებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურებმა ვერ შეძლეს "ჰამასის" წევრების საკომუნიკაციო ხაზების კონტროლი. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დაზვერვა შეეცადა, გაეფრთხილებინა არმიის ხელმძღვანელობა დაჯგუფების საკომუნიკაციო ხაზებზე უჩვეულო აქტივობის შესახებ, მაგრამ ეს გაფრთხილებაც შეუმჩნეველი დარჩა.

მეორე მიზეზი იყო ღაზის სექტორის საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისთვის ელექტრონიკაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. ბოლო წლებში ღაზის საზღვრის გასწვრივ დისლოცირებული ჯარისკაცების რაოდენობა შემცირდა. საზღვარზე დამონტაჟდა მრავალი სათვალთვალო კამერა, სენსორი და დისტანციურად მართვადი ტყვიამფრქვევი. თუმცა თავდასხმამდე ისლამისტებმა დრონების საშუალებით გაანადგურეს ფიჭური კავშირის კოშკები, მოუსპეს ისრაელის არმიას წვდომა ამ აღჭურვილობაზე, რამაც ბოევიკებს საშუალება მისცა, შეუმჩნევლად გადაელახათ საზღვარი ოცდაათ ადგილას.


მესამე მიზეზად დასახელდა სამხედრო სარდლობის ოპერატიული შეცდომა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ სასაზღვრო დივიზიის მმართველობა განათავსა ერთ ბაზაზე, რომელიც თავდასხმის დაწყებისთანავე იგდო ხელთ "ჰამასმა".

მეოთხე მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის სარდლობამ ნამდვილად ჩათვალა "ჰამასის" ლიდერთა საუბრის ჩანაწერები, რომ თითქოს მათ არ ჰქონდათ ისრაელზე თავდასხმის გეგმა. სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრებმა იცოდნენ, რომ მათი საუბრები ისმინებოდა და შეცდომაში შეიყვანეს ისრაელის სპეცსამსახურები.