ბელგია რუსული აქტივების გაყინვის შედეგად, უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბელგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სამ სფეროში, რომელთაგან პირველი ორი არის სამხედრო დახმარება და ეკონომიკური სანქციები.
„დღეს განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, რუსული გაყინული აქტივების გამოყენება ახლა, დროის დაკარგვის გარეშე, რუსეთის აგრესიისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
მნიშვნელოვანია, რომ ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ტერორისგან დაცვის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება დაიწყო. თანხები მოხმარდება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის რეგიონებში საგანგებო აღდგენის პროექტებს,“ - წერს თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, მანამდე ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ქვეყანა უკრაინაში რამდენიმე ბელგიურ F-16 გამანადგურებელს გაგზავნის.