საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ამ კრიტიკულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან,“ - განაცხადა პრემიერმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.
„ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არამხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ, უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.
თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია.
როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით.
ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არამხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.