გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, "სამარცხვინო" უწოდა.
ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.
ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან,” - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას,“ - აღნიშნა შოლცმა.
შოლცის თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან - "სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„ეს საშინელებაა. ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს.“ - მიმართა შოლცმა ბუნდესტაგს.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ პრო-პალესტინური დაჯგუფება სახელად Samidoun-ის საქმიანობა აიკრძალება.
მან ჯგუფის წევრები მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ისინი შაბათს ბერლინის ქუჩებში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების აღსანიშნავად გამოვიდნენ და გამვლელებისთვის ტკბილეულის დარიგება დაიწყეს.
გერმანია აკრძალავს „ჰამასისთვის“ სახსრების მოზიდვას და სხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს.