ირანის პრეზიდენტმა ისრაელი გენოციდში დაადანაშაულა

ირანის პრეზიდენტი ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.

ებრაჰიმ რაისი ყველა ისლამურ და არაბულ ქვეყანას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან „პალესტინის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ისრაელის სისასტიკეს ბოლო მოეღოს.“


„დღეს სიონისტებმა, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ, ღაზის სრული ბლოკადა განახორციელეს და შეუწყვიტეს წყლის, ელექტროენერგიის, მედიკამენტებისა და საწვავის მიწოდება ამ რეგიონის ჩაგრულ ხალხს, მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა თვითგამოცხადებული დამცველები ცდილობენ მჩაგვრელისა და ჩაგრულის პირიქით წარმოდგენას თავიანთი ორმაგი სტანდარტებით, რაც სიონისტურ რეჟიმს თავდაჯერებას მატებს და პალესტინელების გენოციდის გაგრძელებას იწვევს,“ - აღნიშნა ებრაჰიმ რაისიმ.


ირანული მედიის ინფორმაციით, მან ეს განცხადება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

„ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, დაამყაროს ასეთი კოორდინაცია რაც შეიძლება მალე, ისლამური ქვეყნების მეთაურებთან კონტაქტის გზით,“ - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თეირანი ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა.

„ხელებზე ვეამბორებით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა,“ - განაცხადა ხამენეიმ 10 ოქტომბერს.