ბუდანოვი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში რუსეთის კვალზე მიუთითებს

ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, „ჰამასის“ „რუსულ კავშირებზე“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი საუბრობს.

კირილ ბუდანოვი „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებების უკან რუსული კვალის დამადასტურებელ ფაქტებზე მიუთითებს.


ის მიიჩნევს, რომ კრემლის ჩართულობის მთავარი ფაქტებია - რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტებისთვის იარაღის გადაცემა; რუსული კოსმოსური აპარატის გადაყვანა ისრაელის გეოსტაციონალურ ორბიტაზე დაზვერვის ჩასატარებლად; ლიბანში "კრემლის" პროპაგანდისტული რადიომაუწყებლობის ჩართვა; თავდასხმის დროს კამიკაძე დრონების ტაქტიკის გამოყენება.


„კამიკაძე დრონების გამოყენება ჩვენი ომის ნოუ-ჰაუა. ვერავინ შეძლებს ამის გაკეთებას იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც გაიარეს ჩვენი სამხედრო ოპერაციების თეატრი. რადგან ჩვენ იქ არ ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ რუსები იყვნენ," -  აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოქალაქეების გადასარჩენად.