საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსეთის ოკიმპიური კომიტეტის საქმიანობა შეაჩერა. განცხადებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ხსენებული გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ თავის შემადგენლობაში ე.წ. “სპორტული ორგანიზაციების” მიღებას უკავშირება, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მდებარეობენ.
„ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის 5 ოქტომბერს მიიღო, საკუთარ შემადგენლობაში რეგიონალური სპორტული ორგანიზაციების მიღების შესახებ, რომლებიც უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მმართველობაში იმყოფებიან (კონკრეტულად კი დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების), წარმოადგენს ოლიმპიური ქარტიის დარღვევას, ვინაიდან უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად არის აღიარებული,”- წერია განცხადებაში.
გადაწყვეტილება დაუყონებლივ შედის ძალაში.
გადაწყვეტილების შესაბამისად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღარ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (როგორც ეს ოლიმპიურ ქარტიაში არის განსაზღვრული) და ოლიმპიური მოძრაობისგან არანაირი დაფინანსების მიღება არ შეუძლია.