ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაეროს აკრიტიკებს და მის პასუხს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თხოვნაზე სამარცხვინოს უწოდებს.

ელჩის განმარტებით, ისრაელი წინასწარ აფრთხილებს ღაზის მაცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მათ სამიზნეს არ წარმოადგენს.


„გაეროს პასუხი ღაზის სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა. გაერო მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტური იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ახლა, ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეები „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს, ის ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, - აღნიშნა დიპლომატმა.


მისი შეფასებით, სჯობს, გაერომ მძევლების გათავისუფლებასა და „ჰამასის“ დაგმობაზე იფიქროს.

„სჯობს, გაერომ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე,“ - განაცხადა ელჩმა.

ისრაელის არმიამ გაეროს მოუწოდა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაცია განახორციელოს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფმა გაეროს წარმომადგენლებმა შეტყობინება გასულ ღამით მიიღეს. ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარეობს მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა. გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.