პუტინი და ლუკაშენკო დსთ-ს ფორმატის „არასრულყოფილად მუშაობას“ უჩივიან

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ და მოლდოვამ, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა

„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე დსთ-ს შემადგენლობაში შედიოდა და შესაძლოა, დღესაც შედის, ამ ფორმატში არ მუშაობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით მოეგვარებინა და ასევე იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა,“ - განაცხადა პუტინმა.


მისი თქმით, უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუნდამენტურ დოკუმენტს დსთ-ს შესახებ, მაგრამ სრული ფორმატით მას არასდროს შეერთებია. რაც შეეხება მოლდოვას, ქვეყანა საკუთარ იდენტობას კარგავს, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

„ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა - მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი მოლდოველები არ არიან, ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ, მაგრამ ეს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკო დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების საბჭოს სხდომაზე აცხადებდა, რომ სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

„საქართველომ პირველმა დატოვა ჩვენი ასოციაცია, უკრაინა დე ფაქტო ჩვენთან არ არის. მოლდოვასთან დაკავშირებით დიდი კითხვებია. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა," - აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება.