HRW: ისრაელმა ღაზასა და ლიბანში ფოსფორიანი ჭურვები გამოიყენა

Human Rights Watch-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ 10 და 11 ოქტომბერს ღაზის სექტორისა და ლიბანის დაბომბვის დროს ისრაელის სამხედროების მიერ თეთრი ფოსფორის გამოყენების მტკიცებულება აღმოაჩინა.

ამ ფაქტზე ორგანიზაცია ვიდეოჩანაწერებისა და თვითმხილველთა ჩვენების საფუძველზე მიუთითებს. კერძოდ, სააგენტო AFP-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ღაზაში, ცაზე, თეთრი ზოლებია გამოსახული.


ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ღაზაში თეთრი ფოსფორის გამოყენება ზრდის რისკს სამოქალაქო მოსახლეობისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების დარღვევას.


ისრაელის სარდლობამ Reuters-ს განუცხადა, რომ "ამჟამად არ იციან ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენების შესახებ."

ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ცვიმ უარყო ისრაელის არმიის მიერ ფოსფორიანი ბომბების გამოყენება. "ეს ასე არ არის. დღეს თქვენ იცით, ყველაფერია სოციალურ ქსელებში, ყველას აქვს საკუთარი მობილური ტელეფონი, ეს უბრალოდ სისულელეა," - განუცხადა დიპლომატმა რუსულ სააგენტო TASS-ს.


თეთრი ფოსფორი ჟანგბადთან შეხებისას იწვის და სქელ თეთრ კვამლს ქმნის. ამ ნივთიერებას ზოგჯერ სამხედროები ტერიტორიების მონიშვნისთვის იყენებენ, მაგრამ მას ასევე შეუძლია, გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა და ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენება შესაძლოა, ადამიანებისათვის, უკიდურესად საშიში იყოს. თეთრი ფოსფორი არ არის აკრძალული საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ადამიანებზე მავნე ზემოქმედების გამო, მისი გამოყენება მკაცრად რეგულირდება.