რუსეთის დამარცხების შემდეგ, ევროპას სტაბილურობის ისტორიული შანსი ექნება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი ომში დამარცხდება, ევროპას ექნება შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით, სამხრეთ კავკასიამდე.

„მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების გატეხას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთში არსებობს, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით, რუსეთი ამ წინააღმდეგობაში აგებს. და როდესაც ის აგებს, შედეგად რეალიზებული იქნება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მისი თქმით, ერთიანი უსაფრთხოება და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი ზღვის რეგიონში, მთელი ევროპის გეოპოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გასაღებია.

„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა არის კოლექტიური ძალისხმევის დრო“, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედო გეოპოლიტიკური სტაბილურობა ევროპაში და, უფრო ფართოდ, მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში.