ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა.
პრესსპიკერის თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული.
„ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
„მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის,” - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.
ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა, 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24-საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოქალაქეებმა, რომლებიც კვლავაც რჩებიან ჩრდილოეთი ღაზის ნაწილში, უნდა დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ სამხრეთით ადგილობრივი დროით, 10-დან 13:00 საათამდე. ამასთან, მათ უნდა აირჩიონ ერთი მარშრუტი - ბეიტ-ხანუნიდან ხან-იუნისის მიმართულებით. ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.