სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.


„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე 2023 წლის 16 მაისს დააკავეს.

არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მაისის ბოლოს შეუფარდა.