Reuters: აბასის სიტყვიდან „ჰამასის“ კრიტიკის შემცველი კომენტარი ამოიღეს

პალესტინის ხელისუფლების ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ კვირას პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც „ჰამასს“ აკრიტიკებდა, თუმცა ეს კომენტარი მოგვიანებით შეიცვალა. კომენტარი, რომელიც WAFA-მ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აბასსა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბრის დროს გაკეთდა. ორივე მხარემ ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა განიხილა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


WAFA-ს თავდაპირველ ცნობაში ნათქვამი იყო: „პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და (პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის) პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, როგორც მათ ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს.“


გაურკვეველი დარჩა, აბასის სიტყვიდან რატომ ამოიღეს კომენტარი „ჰამასის“ შესახებ. არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია აბასის ოფისს ან WAFA-ს. თავის მხრივ, არც „ჰამასს“ უთქვამს რაიმე. 

აბასის პალესტინის ხელისუფლება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ჰამასს, რომელმაც 2007 წელს ღაზაზე კონტროლი დაიკავა და აბასის ერთგული პარტია ფატაჰის ძალები ჩამოაგდო.  მრავალწლიანმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

„მადუროსთან საუბრისას აბასმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა ორივე მხარის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე და მოუწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების, პატიმრებისა და დაკავებულების გათავისუფლებისკენ“, ნათქვამია WAFA-ს ანგარიშში.