ისრაელის თავდაცვის ძალები: ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა.

ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს. სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

„ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ, ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა.