აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შეხვდება.
ბლინკენი ისრაელში ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია.
ბლინკენის ტურნეს მიზანი კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილება და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაა.
ამერიკის უმაღლესი დიპლომატის ბოლო გაჩერება კაიროში იყო, სადაც ის ეგვიპტის პრეზიდენტს ხვდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლინკენი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ბრუნდება.“ მეთიუ მილერმა სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.
15 ოქტომბერს, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს ქალაქ რიადში, სამეფო რეზიდენციაში შეხვდა. ბლინკენმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა.
მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა დაადასტურეს მათი ერთობლივი ვალდებულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ."