NATO-მ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ბირთვულ წვრთნა „Steadfast Noon“ დაიწყო, რომელშიც 60-მდე თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. სასწავლო ფრენები სამხრეთ ევროპის თავზე შესრულდება.
ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის რუტინული სასწავლო აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 13 მოკავშირე ქვეყანა. სწავლებაში ჩაერთვებიან მოწინავე გამანადგურებელი თვითმფრინავები და აშშ-ის B-52-ის ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც შეერთებული შტატებიდან გაფრინდებიან. სასწავლო ფრენები განხორციელდება იტალიის, ხორვატიისა და ხმელთაშუა ზღვის თავზე.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წვრთნები ხელს შეუწყობს ბირთვული შემაკავებელი საშუალებების სანდოობის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „ეს აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ NATO ყველა მოკავშირეს დაიცავს.“
„სწავლება არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და წვრთნების ძირითადი ნაწილი ტარდება რუსეთის საზღვრებიდან სულ მცირე 1000 კილომეტრში. ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია ცხადყოფს, რომ „NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის შეკავება“. ის ხაზს უსვამს, რომ ვიდრე ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO დარჩება ბირთვულ ალიანსად," - წერია NATO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სწავლება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.